Saturday, 13 October 2012

ჩვენი ბლოგის დანიშნულება

ამ ბლოგს აქვს ერთი მთავარი დანიშნულება: მასზე გამოქვეყნდება იმ აზერბაიჯანულენოვან სტუდენტთა ნამუშევრები, რომლებიც 2012–13 სასწავლო წლის განმავლობაში ჩემი და მაგდას დახმარებით წერას შეისწავლიან.
ამოცანა არცთუ მარტივია: ჩვენი მიზანია, რომ წლის ბოლოს მოსამზადებელი ჯგუფის ყველა სტუდენტმა შეძლოს სხვადასხვა ჟანრისა და ტიპის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა. დავწერთ ყველაფერს: დღიურებს, ლექსებს, მოთხრობებს, იგავებს, ფილმის ანონსებს, საგაზეთო განცხადებებს, ესსეებს ...
მიზნის შესასრულებლად სასწავლო პროცესს სამ საყრდენზე დავაფუძნებთ: პირველ რიგში, ესაა თავისუფლება. აზროვნების, გამოხატვის თავისუფლების გარეშე წერა შეუძლებელია. მეორეა შემოქმედებითი მიდგომა. წარმოსახვის გააქტიურების, ორიგინალური მანერის მიგნების გარეშე საინტერესო ნაწერის ნაცვლად შაბლონურ პროდუქტებს ვიღებთ. მესამეა კრიტიკული რეფლექსია. ეგრეთ წოდებული "მეგობრული კრიტიკის", თვითმონიტორინგის გარეშეც ნაკლებად გამოგვდის ნაწერის დახვეწა–გაუმჯობესება.
გავყვებით ყველა დროის ყველაზე შედეგიან მიდგომას: წერის ხუთსაფეხურიან პროცესს, რომლის საწყისია ფიქრთა, განცდათა და სურვილთა ტექსტურ კალაპოტში მოქცევის უხილავი მცდელობა, გაგრძელება – ნაწერის არაერთხელ გადამუშავება შეგნებულ, მეგობრულ კრიტიკაზე დაყრდნობით, ლოგიკური დასასრული კი – გამოქვეყნება.
სწორედ ამ ეფექტური, ხუთსაფეხურიანი პროცესის რეალიზებისთვის შევქმენით ეს ბლოგი.

წარმატებებს ვუსურვებ ჩემს სტუდენტებს და მათ ლექტორებს!

No comments:

Post a Comment